დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა ქვეყნის ტერიტორიაზე 14 მოულოდნელი და საეჭვო სიკვდილის გამოძიება. მოთხოვნის საფუძველია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტი. BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივეტ კუპერმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ამბერ რადს მიმართა, კრიმინალურ პოლიციას დაავალოს გამოძიება 14 ადამიანის სიკვდილისა, რომელიც სამართალდამცავებმა საეჭვოდ არ მიიჩნიეს, თუმცა, აშშ-ის სპეცსამსახურების შეფასებით, ამ ფაქტებს პოტენციური კავშირი აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. ბოლო წლებში, დიდ ბრიტანეთში 14 ადამიანის საეჭვო გარდაცვალების შესახებ საუბარი იყო გამოცემის, BuzzFeed-ის საგამოძიებო მასალაში, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა. გამოძიების თანახმად, ამ პირების სიკვდილთან შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ რუსეთის სპეცსამსახურებს, ან მაფიოზურ ჯგუფებს, თუმცა, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გარდაცვალების ეს ფაქტები აღიარა თვითმკვლელობად, ან უბედურ შემთხვევად, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთთან უთანხმოება. ამ პირთა უმრავლესობას კავშირი ჰქონდა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან, ან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ თანამშრომელთან, ალექსანდრ ლიტვინენკოსთან, რომელიც 2006 წელს, ლონდონში გარდაიცვალა პოლონიუმით მოწამვლის შედეგად. იმ პირთა შორის, რომელთა სიკვდილის გამოძიებასაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოითხოვს, არიან 2013 წლის მარტში, ბერკშირის საგრაფოში, თავის სახლში გარდაცვლილი, რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, მისი საქმიანი პარტნიორი, 2008 წლის იანვარში, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და ბერეზოვსკისთან კავშირის მქონე ბრიტანელი ბიზნესმენი სკოტ იანგი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ლონდონში, მეგობარი ქალის საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა. ამავე სიაშია ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის გამოძიებაში ჩართული, რადიაციის საკითხების ექსპერტი მეთიუ პანჩერი. მისი გვამი მრავალრიცხოვანი ჭრილობებით, 2016 წლის მაისში აღმოაჩინეს ოქსფორდში, ექსპერტის საცხოვრებელ სახლში. პოლიციამ დაასკვნა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. 2007 წლის იანვარში ლონდონში, თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს კომპანია „იუკოსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხაილ ხოდორკოვსკის პარტნიორი იური ლებედევი. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.