საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მყარი სამართლებრივი საფუძველია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მე-7 იყო. პირველი ინვესტიცია საემიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა არადისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.
დიმიტრი ქუმსიშვილი – არაბთა გაერთიანებული საემიეროებიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 800 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა
2018/04/09 18:23:21

ნანახია: 1113 ჯერ