უკრაინელი ექსპერტები, ტყიბულის შახტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ თქვა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შახტი დაკეტილია, რადგან ვარაუდობენ, რომ იქ გაზი დაგროვდა.
“შესაბამისად შემთხვევის ადგილზე თუ ვერ მივლენ, შახტაში ჩასვლას აზრი არ აქვს. შეიძლება ჩავიდნენ, მაგრამ ალბათ მაინც ის, რასაც დაეყრდნობიან იქნება დოკუმენტები და დაშავებულებთან გასაუბრება. ახლა მიმდინარეობს შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასთან. შრომის დაცვის ტექნიკური ისნპექტორები უსვამენ კითხვებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ეცნობიან დოკუმენტაციას, ეცნობიან იმ დღის ნახშირის მოპოვების გეგმას და მიმდინარეობას, ჰაერში მეთანის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტის შესწავლა. დღეს და ხვალ ისინი იმუშავებენ დოკუმენტებზე, ასევე სავარაუდოდ მოინდომებენ დაშავებულებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას”, – თქვა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ.
დოლაბერიძის თქმით, უკრაინელი ექსპერტები უკრაინაში 26 აპრილს დაბრუნდებიან და საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.