პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან ერთად, ყველა სახის თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა იკრძალება.
სავაჭრო ობიექტები, რომელზეც იქნება გარე რეკლამა, ან შიდა აქსესუარები, რომლებიც თამბაქოს რეკლამას გულისხმობს, ახალი კანონმდებლობით სამი ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
ხოლო სატელევიზიო სივრცეში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ.
კანონპროექტის 82-ე მუხლის თანახმად, ფილმი/სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელშიც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად/სხვა შემოქმედებით პროდუქციად და მისი ჩვენებისას ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლი ან ბეჭდვითიმასალისთვის პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.
რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, მის ჯეროვნად შესრულებას კი კომუნიკაციების კომისია გააკონტროლებს.
კანონის აღსრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება. თავდაპირველად ძალაში შევა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს.
აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოების და სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა.
მოწევა არ იკრძალება პენიტენციარულ სისტემაში, სადაც ხელმძღვანელობას ინდივიდუალურად შეუძლია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება დაუშვას ან აკრძალოს.
მოწევა დაიშვება პირველადი დაკავების იზოლატორში და პალიატიური მკურნალობის დაწესებულებებში.