ანალიტიკოსმა ეკონომიკის დარგში მერაბ ჯანიაშვილმა, „კვირას“ პრესკლუბში მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს ვიზიტი შეაფასა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი დონის ვიზიტი საქართველოში პირველია.
“ასეთი დონის ვიზიტი მსოფლიოს ბანკის მხრიდან პირველია საქართველოში. სწორედ ახლა წყდება, როგორი იქნება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ჩარჩო-ხელშეკრულება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის. სწორედ მსოფლიო ბანკი გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ 4.3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობის გაგრძელება. რაც შეეხება თანამშრომლობის სამომავლო გეგმას, იმედისმომცემია, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები უჭირავს. მაგალითად, დუინგბიზნესის მიხედვით საქართველო მე-9 ადგილზეა, შესაბამისად მათი შეფასების კრიტერიუმებით რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ამავე ორგანიზაციის მიერ საქართველო ყველაზე რეფორმატორულ ქვეყანად დასახელდა. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციით, მათ დირექტორთა საბჭოს დელეგაციას ოთხ პუნქტიანი გეგმა გააცნეს და მსოფლიო ბანკისაგან სრული მზადყოფნა გამოიხატა ამ რეფორმების დასაფინანსებლად”, – განაცხადა ჯანიაშვილმა.