“ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ჭარბვალიანობა მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს ამცირებს.
„დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ – დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი”,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მაკროეკონომიკური კუთხითაც და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორს წარმოადგენს. მან ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
„მნიშვნელოვანია, რომ ჭარბვალიანობა, ხშირ შემთხვევაში, ასევე არის შედეგი მომხმარებლების უფლებების დარღვევის. ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად წარმოიშვა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იყო 500-600 პროცენტი და ხშირ შემთხვევაში, ირღვეოდა პასუხისმგებლიანი გასესხების პრინციპები. ეროვნული ბანკის რეგულაციის მიღმა მყოფ ორგანიზაციებში, ადგილი ჰქონდა ასიმეტრიულ რეგულაციებს”,– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ახალი, სამართლიანი წესების დამკვიდრებით, ქვეყანაში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.