გია ჟორჟოლიანი ეუთოს პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი წერეთლის დანიშვნის შესაძლებლობას უარყოფითად ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
„სოციალ-დემოკრატებმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ და მივმართეთ ქვეყნების დელეგაციებს. აღვნიშნეთ, თუ რატომ არ ვუჭერთ გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს. ეს არ არის პიროვნული საკითხი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც იმ პრინციპებს, რომელსაც ეუთო ეყრდნობა, – ვგულისხმობ: ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოებას, მშვიდობას, არჩევნების სამართლიან და ობიექტურ ჩატარებასა და პრინციპებს, რომელსაც ის, რბილად რომ ვთქვათ, უხვევდა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ასეთი პარტიის წარმომადგენელი, ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეკითხვაზე, ცვლიდა თუ არა სურათს ის გარემოება, რომ წერეთელი ამ შემთხვევაში საქართველოს წარმოადგენდა, ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილიც წარმოადგენდა, თუმცა ამან ქვეყანას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოუტანა.
„საქართველოს მიხეილ სააკაშვილიც წარმოადგენდა, მაგრამ შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმი. ის, რომ ვიღაც წარმოადგენს გარკვეულ ჯგუფს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესს ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ხალხის ინტერესებს არ ემსახურებოდა“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანი ეუთოს მიერ მიღებულ იმ 17-პუნქტიან რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელშიც ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, საოკუპაციო ზოლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ მავთულხლართებზე და დევნილთა უფლებების უხეშად დარღვევებზე იყო საუბარი.
„მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკის ცვლილებაზე. მოწოდება არის ის, რომ რუსეთმა გააუქმოს აღიარება იმ კონფლიქტური, სეპარატისტული ტერიტორიებისა, რომლებიც საქართველოშია. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული დოკუმენტების მეშვეობით მყისიერი შედეგები არ იქნება, მაგრამ თუ რუსეთთან მიმართებაში საერთო კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ ეს არის არა მხოლოდ ევროპული, არამედ ქვეყნების დიდი ნაწილის მკაფიო პოლიტიკის გამოხატულებაა. არ მოჰყვება ამას მყისიერი შედეგები მაგრამ ეს გარკვეული ზეწოლაც არის რუსეთზე“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
“მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა”
2016/07/05 13:33:05
კომენტარები
ნანახია: 1850 ჯერ