აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, მას ირანი კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული და თეირანი ყველაფერზე წასასვლელად მზად იყო, ხოლო სენატმა უდროო და უაზრო კანონი მიიღო.
„ესე იგი, ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ის მზადაა დაეცეს, მოგვცეს პრაქტიკულად ყველაფერი და პირველად ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე დიდ პატივისცემით ეპყრობა, ხოლო სენატი უდროო და უაზრო კენჭისყრას ატარებს სამხედრო უფლებამოსილებების კანონის შესახებ და ამით მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და მე უნდა გავჩერდე. ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს. ოთხი წარუმატებელმა „რესპუბლიკელმა“ დემოკრატებთან ერთად მხარი დაუჭირა ამ კანონს. ირანმა ჩემს ხალხს ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს?“ აღნიშნულმა სენატორებმა საქმე გამირთულეს, მაგრამ ამასაც გადავლახავ!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა. სენატმა რეზოლუციას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „რესპუბლიკელი“ სენატორები – მიჩ მაკკონელი და დეივ მაკკორმიკი, რამაც რეზოლუციის მიღების შესაძლებლობა შექმნა.
