გიორგი ვაშაძესთან და ქვეყანაში არსებულ სხვა პროდასავლურ ძალებთან გვაქვს კონსულტაციები, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაშიც გადაიზარდოს, – განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში.
“შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რას როგორ ვაკეთებთ”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ახალგაზრდობა არჩევნებზე მაინცდამაინც აქტიური არ არის და უფრო ასაკოვანი მოქალაქეები აქტიურობენ, პოლიტიკური პარტიები ტრადიციულ პოპულიზმში გადაეშვნენ, რითაც წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებული.
“მათი ძირითადი გზავნილები ასაკოვანი ადამიანებისკენაა მიმართული. ის, რომ მათ მიერ ძირითადი აქცენტი პენსიებზე კეთდება, სწორედ აღვირახსნილი პოპულიზმია. პენსია შესაძლოა, 1000 ლარამდეც გაიზარდოს, მაგრამ რიცხვებში გაზრდას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გაზრდილი პენსიით პენსიონერი რის ყიდვას შეძლებს”, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიები მოსახლეობას რეალურ პრობლემას არ უხსნიან და არ ეუბნებიან, როგორ აპირებენ ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.
“ჩვენ პოპულისტური განცხადებებით და პრიმიტიული დაპირებებით არ გამოვდივართ. ჩვენ ვიცით კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება. გვსურს, საქართველომ ის გზა გაიაროს, რაც ირლანდიამ, ჰონკონგმა ან ტაივანმა გაიარა. ქვეყნის ფეხზე სწრაფად დასაყენებლად ერთი კონკრეტული რეცეპტი არსებობს და არა -17 გზა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.