მოსახლეობას ესაჭიროება სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, მათ შორის სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
”ჩვენს პროგრამაში ჩაიდება დაპირება ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური მიმართულებით, რომელშიც გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. განვაგრძობთ ძალისხმევას განსაკუთრებით ამ (პენსიების) მიმართულებით. მოსახლეობას ესაჭიროება სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, მათ შორის სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გაკეთდება ყველაფერი, რაც ხელისუფლებას ხელეწიფება“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ პენსიების გაზრდის თაობაზე პარტიების მიერ გაცემული დაპირებები ”საარჩევნო ტრიუკია” და ამიტომ ”ქართული ოცნების” შეთავაზება საპენსიო სისტემის შექმნა იქნება, კობახიძის მტკიცებით, ”ბატონი დიმიტრის ეს განცხადება იყო კონტექსტიდან მოწყვეტილი”.