შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.
რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაკავშირებული იყო სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე ათავსებდა. პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს და ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და ,,ჰეროინის“ შემცველი 1 კილო და 600 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება.
პოლიციამ სულ ნივთმტკიცებად ამოიღო: 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.