ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონები არ განახლებულა, ახალი ვაგონები არ შეგვიძენია. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
