სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ სამთავრობო ხარჯები შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სხვადასხვა ინიციატივის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ საზოგადოებას მოხმარდება.
„სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე. ჩვენთან, სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი მართვაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.