საფრანგეთში ზედიზედ მეექვსე შაბათ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.
ფრანგული მედიის ცნობით, დემონსტრანტები ქუჩებში უკეთესი საჯარო სერვისების მოთხოვნით, ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პროფკავშირებისა და მემარცხენე პოლიტიკური პარტიების, ასევე სტუდენტური ორგანიზაციებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დროშები და სიმბოლიკა.
აქციის ერთ-ერთმა ჯგუფმა სიმბოლური საფლავის ქვები დადგა, რომლებზეც საფრანგეთის საჯარო სერვისების, მათ შორის სოციალური დაცვისა და განათლების სისტემის „გარდაცვალება“ იყო გამოცხადებული.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ძალადობასა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ბრალდებებსაც ჰქონდა ადგილი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციები „ზოგადად მშვიდ ვითარებაში“ დაიწყო, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა წინა საპროტესტო დღეებთან შედარებით შემცირებული იყო.
