საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, არასწორია. მისივე თქმით, საჯარო სივრცეში აქტიურობა ვერ იქნება ინდულგენცია და დაზღვევა ვინმეს მიმართ.
„ეს ამბავი დაახლოებით 11 წლის წინ მოხდა. ჩვენ მაშინ ვიხილეთ, როგორ გაუსწორდა მაშინდელი „კუდის“ დაჯგუფება პარლამენტის წევრს. დახვდნენ, უმოწყალოდ სცემეს და ამ ადამიანის სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. ეს განხორციელდა იმის გამო, რომ ამ ადამიანს, თავის დროზე, სააკაშვილის დავალებით წაართვეს ქონება და მან ეს გააპროტესტა საჯარო სივრცეში. შედეგ მას სცემეს. ეს იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და როდესაც სრულიად საქართველოში ხდებოდა ადამიანების ტეროტი. ეს ადამიანები მიჩვეული იყვნენ სახელმწიფოებრივი დანაშაულებების ჩადენას, იყენებდნენ სახელმწიფოს პირადი ანგარიშსწორებისთვის. დღეს ამ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომ ეს არის სააკაშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით, ალბათ უფრო არის ფსიქიატრიის საკითხი. ყველა ადამიანს მიეზღვება ის, რასაც დათესავს და იმას მოიმკის, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლოგიკური დასასრული და დღეს მოხდა ამ ყველაფრის სამართლებრივი გაფორმება. ნებისმიერი მსჯელობა, რომ ეს არის დაკვეთა ან პოლიტიკური დევნა, არის სისულელე. სააკაშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა რეპრესიული აპარატი და ნუ იფიქრებენ, რომ მათი აქტიურობა საჯარო სივრცეში არის ინდულგენცია და დაზღვევა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.