ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, საინტერესო აზრები გამოითქვა.
მისივე თქმით, სამომავლოდ, იმაზეც იქნება მსჯელობა თუ რამდენად აქვს კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
“არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საინტერესო აზრები იყო გამოთქმული. მათ შორის, გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ნაჩქარევი ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხული არ არიან. ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში. ასევე, დაისვა საკითხი იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია, კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ამასთან დაკავშირებით, გვექნება მსჯელობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს შეხვდა.