პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში რამდენიმე ტურისტი იმყოფება, რომელსაც სტიქიის ზონიდან გამოიყვანენ.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში ტურისტების გარდა, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.
“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ ყველაფერს 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება.
მამუკა ბახტაძე – სტიქიის ზონიდან უახლოეს საათებში რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ
2018/07/06 15:35:06

ნანახია: 937 ჯერ