დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის. მისი თქმით, ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა.
„1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ კვლავ გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.
ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა თან წაიღეს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი ტრადიცია, დიპლომატიური კავშირები და რწმენა, რომ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის დასასრული არ იქნებოდა.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების საცხოვრებელი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა.
აქ ცხოვრობდნენ პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმომადგენლები. აქ იწერებოდა წერილები და მიმართვები, აქ მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, აქედან ცდილობდნენ ევროპისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდა მანამდე, სანამ საბჭოთა რუსეთი მის დამოუკიდებლობას ძალით გააუქმებდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ლევილის ისტორია მხოლოდ დიდი პოლიტიკის ისტორია არ არის.
„ეს იყო ადამიანების სახლიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახები. იზრდებოდნენ შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მუშაობდნენ, კამათობდნენ, დღესასწაულობდნენ, ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. აქ ინახებოდა ქართული წიგნი, ქართული სიტყვა, ოჯახური მოგონება.
ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. ლევილი ამავე დროს იყო მამული, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ემიგრაციას შეძლებისდაგვარად კვებავდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ქალბატონი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც აქაურობის დედად იქცა და ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ლევილის სახლს.
ამიტომ ლევილის მნიშვნელობა სწორედ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ისტორიის ერთმანეთთან შერწყმაშია. ის გვახსენებს, რომ ემიგრაცია ისტორიულ სახელებსა და თარიღებს მიღმა ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაცაა – სამშობლოს დაკარგვის, მისგან დაშორების და ამავე დროს მასთან კავშირის შენარჩუნების გამოცდილება.
პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეების უდიდესი ნაწილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ბევრი მათგანის უკანასკნელი განსასვენებელიც აქ, ლევილშია. მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინახავდნენ – დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა.
1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა. 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. მაგრამ ეს იმედი არასოდეს გამქრალა. საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.
1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.
ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ. დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.
ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ადგილი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.
საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მამულის შენარჩუნებაში და
რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი თეა წულუკიანი.
„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო – სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.
ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა – მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.
ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს.
დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს.
ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
