ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს, სოსო ზაქარეიშვილს დაშორდა. წყვისლის 16 წლიანი თანაცხოვრება სამაგალითო იყო ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ოჯახის დანგრევის თემაზე მომღერალმა „პრაიმტაიმთან“ ვრცლად ისაუბრა. ცისანა ამბობს, რომ წინ ახალი ცხოვრებაა, შვილებს ბედნიერი და მხიარული დედა სჭირდებათ. მომღერალი მეორე ქორწინების შემდეგ სიმღერას ჩამოშორდა და სამი შვილი გააჩინა. ახლა ოთხი შვილის დედაა და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.
– ცისანა, აბსოლიტურად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება ყველასთვის. შეიძლება, მიზეზი გკითხოთ?
– რამდენიმე დღეა რაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. მიზეზზე ვერ ვისაუბრებ. მიუხედავად იმისა რომ ოჯახი დაინგრა, სოსო ჩემი შვილების მამაა, ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა და მხოლოდ ჩვენ ორის პრობლემაა ეს.
– ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაფუჭდა, ალბათ…
– ერთ დღეში არაფერი ხდება. რეაბილიტაცია შეუძლებელი გახდა.
– სამაგალითო ოჯახი იყავით შოუბიზნესის წრეებში… ხასიათის შეუთავსებლობა ვერ იქნებოდა, სხვა შემთხვევაში ამდენი წელი ერთად ვერ იცხოვრებდით…
– გახსოვთ, „კავკასიური ცარცის წრე“? ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს (იცინის). ასე გიპასუხებთ, იუმორით, რადგან არ მინდა ჩემს ოჯახზე საუბარი. ამაზე რომ მესაუბრა, დღეს ყველა ასეთი გაოგნებული არ იქნებოდა ამ ამბის გამო. და არ დასვამდნენ კითხვას, რატომ? რა მიზეზით? იყო რიგი მიზეზები, ვუძლებდით ერთმანეთს ხან ვერ ვუძლებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ და მივეცით ერთმანეთს უფლება ვიყოთ ბედნიერები.
– ინიციატივა თქვენგან წამოვიდა?
– არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება ვიღაცას გული ვატკინო.
– შვილები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
– არავისთვის არ იყო სასიამოვნო. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, ბავშვებისთვისაც არ ყოფილა სიურპრიზი. ამას მარტო, ასე თავზეხელაღებით ვერ გადავწყვეტდი. ტაში არ დაუკრავთ, მაგრამ არც მათ გარეშე მომხდარა ეს ამბავი.
– როგორ დაშორდით, ცივილურ ურთიერთობას გააგრძელებთ შვილების გამო თუ დიდია წყენა?
– ბავშვების გამო ყველაფერს შევძლებთ.
– ვინაიდან ახალია ამბავი, მივცემ თავს უფლებას და გკითხავთ, რამდენად რთულია ეს დღეები თქვენთვის…
– ბოლო წელი რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ გამიძნელდა. უნდა დასრულდეს ის, რაც შენთვის არაა მისაღები. რთული არის, მაგრამ… ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. უამრავი საქმე მაქვს იმ კუთხით, რომ რეალურად ცხოვრებას ვიწყებ მარტო, 4 შვილთან ერთად.
– როგორი წარმოგიდგენია ეს ახალი ეტაპი, ხომ არ დაუბრუნდები სიმღერას?
– წარმოდგენილი მაქვს მხოლოდ ის, რომ ჩემს შვილებს უნადა ჰყავდეთ მხიარული, ღიმილიანი, ბედნიერი დედა. ჩემ მომავალს ბრჭყვიალა, ლამაზ ფერებში ვხედავ, ისეთში, როგორი ბავშვობაც მქონდა მე. ამიტომ პოზიტიურად ვუყურებ ჩემ მომავალს. რთული პერიოდი მალე გაივლის.
– მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
– არცერთ მშობელს არ უხარია დანგრული ოჯახი, მითუმეტეს მეორედ, მითუმეტეს ამდენი შვილით. მაგრამ ჩემი მშობლებისთვის მთავარი ჩემი ბედნიერებაა. ბევრი არ გვისაუბრია ამაზე, ძალიან მოკლედ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და ასე დავასრულეთ საუბარი.
– იყო, შერიგების მცდელობა მეორე მხრიდან?
– ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამ პროცესებში ვიყავით. ამ ურთიერთობას გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.
– მესამე გაჩნდა?
– არა (იცინის). აუცილებელია მესამე გაჩენილიყო, რომ ასე მომხდარიყო? ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ოჯახის დანგრევისთვის. ერთ-ერთი სასაცილო ისტორია მახსენდება ახლა. პური არ მოიტანა ქმარმა და ოჯახი დაგვენგრაო, ქალი ამბობს. პურის გამო ოჯახი როგორ დაანგრიეო, გაუკვირდა თანამოსაუბრეს. პური ბოლო წვეთი იყოო, უპასუხა ქალმა.
– მიხარია, რომ კარგ განწყობაზე ხარ…
– მე ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. 4 შვილი მყავს და ვიცი რისთვის ვიცხოვრე. ცხოვრება კიდევ წინაა.
წყარო: „პრაიმტაიმი“