სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი კობაურის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებას გამორიცხავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ ლორა სმიტს არავითარი ძალადობის კვალი არ აღენიშნება და შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ძალადობის კვალის არარსებობის პირობებში ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილის სხეულზე.
„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო. ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, – განაცხადა კობაიძემ და აქვე დასძინა, რომ დაცვის მხარე აქამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს არ ენდობა.
„ექსპერტიზის დასკვნით კობაური სრულიად ჯანმრთელია. მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის სრულიად შერაცხადია. ეს კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს იმას, რომ შერაცხადი ადამიანი ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს“, – აღნიშნა ადვოკატმა.