შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის 11-სართულიანი კორპუსების მშენებლობისათან დაკავშირებული ტენდერი, რომელიც 3 სექტემებრს გამოცხადდა, შეწყდა. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 5 სექტემბერს მიიღო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა საჭიროებს დაზუსტებას, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს.
„სატენდერო კომისიამ განიხილა აღნიშნული საკითხი, განხილვისას აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია შეწყდეს აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი, გადაიხედოს ხარჯთარიცხვა და დაზუსტების შემდეგ გამოცხადდეს განმეორებით“,- ნათქვამია ოქმში.
ძალოვანი უწყება თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. 3 სექტემებრს გამოცხადებული ტენდერის პირობებში აღნიშნული იყო, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5.87 მილიონი ლარია, მშენებელი კომპანიის შესარჩევი ტენდერის ვადა 25 სექტემბერს უნდა ამოწურულიყო.
პროექტით, კორპუსების მშენებლობა რუსთავში, სამინისტროს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა დაგეგმილი, რომელიც XX მკ.რნ-ს, XXI მკ.რნ-ს და ლეონიძის ქუჩას შორის მიმდებარედ არის განთვსებული.
საცხოვრებელ კორპუსებში სულ 80 ბინა იქნება. თითო სართულზე 77,43 მ2 ფართის იდენტური 4 ბინა იქნება განთავსებული. კორპუსებს ექნება საერთო ავტოსადგომი და გამწვანებული ეზო. ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.