ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაღრაანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ციხისჯვარის ეკლესიას, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია დარბაზულია (5,2×3,3 მ). ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კედლები დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე სარკემლია გაჭრილი, მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი კონქითაა დასრულებული, რომელიც მხრებზე გადასულ საბჯენ თაღს ერყდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის შუაში ქვის ტრაპეზი დგას. სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, აფსიდის მოყვანილობა, კამაროვანი გადახურვა, ქვის ლავგარდანი.კედლები გარღვეულია, ლავგარდნის ნაწილი აცვენილი, სახურავი აყრილი.