თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, გორში მოკლული გოგონას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
“მინდა, სამძიმრით დავიწყო. გუშინ გორში ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის”,– აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.
“იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დავაკავეთ ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს”, – განაცხადა შს მინისტრს პირველმა მოადგილემ კახა საბანიძემ.
კახა კალაძე – ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა
2018/10/26 15:41:00
კომენტარები
ნანახია: 1425 ჯერ