„ბატონო გრიგოლ, მე ვარ ის ადამიანი… მე გიღებდით იმ ფოტოებს, თუ არ გახსოვართ”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ყოფილი მსჯავრდებული, გიორგი აბდალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, სადაც კანდიდატი ფოტოგრაფის ვინაობას ვერ იხსენებს.
გიორგი აბდალაძემ გრიგოლ ვაშაძეს მედია-კავშირ -„ობიექტივი”-ს“ეთერით უპასუხა და ვაშაძის განცხადებას სიცრუე უწოდა.
„ბატონო გრიგოლ, მე ვარ ის ადამიანი… თქვენ გექნებათ არქივში გამოკრული ფოტოები, მე გიღებდით იმ ფოტოებს, თუ არ გახსოვართ, თქვენი პრეს-სამსახურის ყოფილ წარმომადგენლებს ჰკითხეთ… თქვენს სინდისზე და ნამუსზე იყოს თქვენ რომ არ მიცნობთ…
ვთხოვ ტელევზიებს, 2011 წლის არქივში მოძებნონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები ჩემთან დაკავშირებით… მაშინ, გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა და თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენთან არაფერი დაკარგულაო, რაზეც ვანო მერაბიშვილი მედავებოდა, თითქოს მე რაღაც სტენოგრამა წამოვიღე. საერთოდ არ ვიცი ის სტენოგრამა არსებობს თუ არა…
ჩემი ინფორმაციით, როდესაც გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა და კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი არ დაკარგულა, ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მას დაურეკა… დაახლოებით 5 წუთში კი განცხადება შეცვალეს. ვაჟკაცობა რომ ჰქონოდა, ეტყოდა, რომ რაღაც სისულელე ხდებაო… მათ სინდისზე, მათ ნამუსზე იყო ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ასეთი ჯოჯოხეთში გავატარეს, ციხეში გვაწამეს და ამაზე ინტერესიც კი არ ჰქონია…
დღეს კი ამბობს, რომ “წარმოდგენა არ აქვს ვინ არის გიორგი აბდალაძე”… მის ნამუსზე იყოს…,“- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძე განაცხადამ რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ არის გიორგი აბდალაძე.
„ვინ არის გიორგი აბდალაძე?“ – მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აბდალაძის ვინაობა შეახსენა, ვაშაძემ აღნიშნა:
„წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ ერთი ეს ადამიანი არასოდეს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და იყო შრომითი ხელშეკრულებით ჩვენთან. მან უნდა მიმართოს პროკურატურას, თუ რამე კითხვები აქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის საპასუხოდ.
შეგახსნებეთ, რომ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ “იმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა:
„გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.
ასევე, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები – „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 2011 წელს.