სამწუხაროდ, არჩევნების დღეს გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილები და ჩვენ ამ ტყულებზე გვიწევს შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
„ტყუილი ნომერი პირველი: თქვენ ნახეთ გიორგი ვაშაძის ბრიფინგი, სადაც მან გამოამზეურა ვიდეო მარნეულიდან და თქვა, რომ ხმის მიცემა საარჩევნო უბანთან და არა თავად უბნის ტერიტორიაზე ხდებოდა. სინამდვილეში, საუბარია გადასატან ყუთზე, ეს კადრები არაა ჩაწერილი საარჩევნო უბნის გარეთ, ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობა იტყუება, რადგან ეს კადრები ჩაწერილია ქალბატონი ვარა ძიგოშვილის ოჯახში. გადასატან ყუთს თან ახლდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ქალბატონი მაია ნასყიდაშვილი, რომელმაც გადაიღო ეს კადრები. ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ გარეთ, ეზოში, თავის სახლში დაეფიქსირებინა არჩევანი. სინამდვილეში, ეს არ ხდებოდა მარნეულის 21-ე უბნის გარეთ. ეს ხდებოდა 21-ე უბნის გადასატან ყუთთან დაკავშირებით, ვარა ძიგოშვილის ოჯახში.
ვაშაძემ ასევე თქვა, რომ ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის მცდელობები დაფიქსირდა. საუბარია ჩაკვეტაძებსა და შენგელიებზე. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება მამა-შვილ ჩაკვეტაძეებსა და მამა-შვილ შენგელიებს“, – თქვა მდინარაძემ.
ამასთანავე, მან დაადასტურა დარღვევა, რომ აბაშაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყვა.
„სამწუხაროდ, აბაშაში მართლაც დაფიქსირდა დარღვევა, რომელიც საკრებულოს დეპუტატმა ჩაიდინა. ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში, ვისი წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, ჩვენი თუ სხვის, უნდა ვთქვათ, რომ ესაა ძალიან მძიმე დარღვევა. შსს-მ ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ასეთი რამ არავინ აღარ უნდა გაიმეოროს“, – თქვა მდინარაძემ.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.