კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა კვლავ წამოჭრა საკითხი
ერთის მხრივ თავად თურქეთის გეოპოლიტიკურ როლზე, მეორეს მხრივ ევროკავშირის მომავალზე. ოფიციალური ანკარას დღევანდელმა პოზიციამ, პარლამენტში განიხილოს სიკვდილის დასჯის აღდგენის საკითხი, “ბრწყინვალე პორტას” – როგორც ოსმალეთის იმპერიას უწოდებდნენ რუსეთსა და ევროპაში – ყველაზე სასტიკი სულტნების, ფანატიკური მოლების და იმამების აჩრდილი გამოიხმო წარსულიდან. და აღარავინ იცის, რა ბედი ეწევა თურქეთის სეკულარიზმს: ამას ცხადია არც ათათურქის სურათთან პოზირება და განცხადებების კეთება უშველის.
ნაპოლეონური საფრანგეთის შეფ-დიპლომატი ტალეირანი თვლიდა, რომ როგორც ოსმალეთი, ისე ირანი კონტინენტის მყარი გეოპოლიტიკური მდგენელები არიან, რომლებიც ხელს უშლიან რუსეთს განივრცოს წმინდა მიწისკენ, სპარსეთის ყურისკენ და ინდოეთისკენ. დღევანდელ კონტექსტში ამას დაუმატე რუსეთის დომინირების თემა სამხრეთ კავკასიაში. შეძლებს კი ასე აჭრილი თურქეთი, სადაც ნაწილობრივ განადგურებულია ოფიცრობა და გენერალიტეტი, სადაც ასე გახლეჩილია საზოგადოება, შეასრულოს ეს საპასუხისმგებლო მისია?
რაც შეეხება ევროკავშირს, მინდა გავიხსენო მისი ერთ-ერთი თეორეტიკოსი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან – ავსტრიელი გრაფი, პანევროპული იდეის შემოქმედი ა. კუდენოუ-კალერგი, ავტორი სტანდარტული შრომისა “პრაქტიკული იდეალიზმი”. იგი მომავალი ევროკავშირის არქიტექტონიკაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ ევროპის ორი აქილევსის ქუსლი დიდი ბრიტანეთი და თურქეთია.
საოცარია, რომ მისი საუკუნის წინ გაკეთებული პროგნოზი (თუ წინასწარმეტყველება) ახდა:
1) გადატრიალების მცდელობა თურქეთში, გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკაში და შიდაპოლიტიკური მცოცავი ტრანსფორმაცია ოსმალეთის იმპერიის, “ბრწყინვალე პორტას” მიმართულებით, რომელიც 1922 წელს გააუქმა ათათურქმა.
2) რეფერენდუმი და “ბრექსიტი” დიდ ბრიტანეთში.
ევროკავშირი ორივე ქუსლში დაიჭრა, მთავარია ამ ეტაპზე გაძლოს – მას საამისო რესურსი კიდევ აქვს.”