წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.
აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წმინდა ცეცხლს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტაძარშიც მიაბრძანებენ.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:36 საათზე გადმოვიდა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15:32 საათზე დაიხურა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.