რკინიგზის სადგურ „სამტრედია I“-ზე სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის ადამიანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ ავრცელებს.
„დღეს, სადგურ სამტრედია I-ზე, საწარმოო შემთხვევა მოხდა. სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს ,,საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს.
აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში“,- ნათქვამია განცხადებაში.