უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის გაცილებით მეტი რაკეტა სჭირდება.
თეთრმა სახლმა ბოლო პერიოდში ზელენსკიზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მან მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე წასვლა განიხილოს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა კიევს იმაში, რომ ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი ვერ მიიღწევა.
მიმდინარე თვის დასაწყისში ტრამპმა რუსულ ნავთობზე სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, რათა საწვავის მაღალი ფასების ფონზე რუსული დიზელის იმპორტი შესაძლებელი გამხდარიყო. მან ზელენსკის ასევე მოუწოდა, შეეწყვიტა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. უკრაინის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება და მოსკოვს ომის გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს.
ზელენსკის თქმით, ის თავს აშშ-ის მიერ მიტოვებულად არ მიიჩნევს, თუმცა უკმაყოფილოა იმ დახმარებით, რომელსაც უკრაინა ვაშინგტონისგან იღებს.
„ვგრძნობ იმას, რასაც ვგრძნობ. ეს მხარდაჭერა არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ABC News-ი წერს, ზელენსკისა და ტრამპს წლების განმავლობაში რთული ურთიერთობა ჰქონდათ. უკრაინის პრეზიდენტმა ვერ განმარტა, რა შეიცვალა მათ შორის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოავლინა.
„არ ვიცი, ეს არასწორია თუ არა, რადგან პუტინთან მეგობრობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე შეფასებით, ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობა საკმაოდ კარგია.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შეერთებული შტატებისგან მხოლოდ 24 რაკეტა მიიღო, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის არის განკუთვნილი. მისი თქმით, უკრაინას გაცილებით მეტი სჭირდება.
ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ ხუთშაბათს ღამით კიევს 30 ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. მისი შეფასებით, უკრაინას თვეში საშუალოდ Patriot-ის 350 რაკეტა სჭირდება.
მიუხედავად უკმაყოფილებისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლიერია შეერთებული შტატების პარტნიორობისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამასთან, აღიარა, რომ ურთიერთობებში ყოველთვის თავაზიანი არ არის.
„უკრაინას ახლა სუსტი პრეზიდენტი არ შეიძლება, ჰყავდეს“, – განმარტა მან.
