მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების ჩასატარებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მარნეულის სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ უკვე დაამუშავა 200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება სოფელ კირიხლოში, სადაც კომპანიის 3 ერთეული ტრაქტორით მოხდა 100 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება. სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.