Financial Times-ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მზად არიან, განიხილონ „ცივი ომის“ პერიოდის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მექანიზმების აღდგენა.
როგორც გამოცემა იუწყება, ევროპელები მზად არიან რუსებთან განიხილონ მათ შორის „ღია ცის“ შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ერთმანეთის სამხედრო ობიექტებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა, ასევე შეთანხმებები, რომლებიც გარკვეული ტიპის რაკეტების განთავსებას ზღუდავდა.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპელი დიპლომატები სკეპტიკურად უყურებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევები არ მოხდება.
თუმცა, ევროპელები მიიჩნევენ, რომ პროცესთან კავშირის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის მხარდაჭერისთვის, ისე იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო საკითხები მათ გარეშე არ გადაწყდეს.
