მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში ელოდებიან. ორშაბათს მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. საპარლამენტო უმრავლესობას კითხვები პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ფაქტებზე აქვს, თუმცა ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ საქმეზე ძირითადი მოპასუხე ეროვნული ბანკია. საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მარეგულირებლის მისვლის აუცილებლობაზე საუბრობს უმცირესობა.
“თიბისი ბანკის” საქმის დეტალები კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა პროკურატურამ. საგამოძიებო უწყებაში ათი წლის წინანდელი ტრანზაქციის დეტალებზე ისაუბრეს და განმარტეს, როგორ ასესხა ბანკმა 17 მილიონი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს.
ოფიციალური ცნობით, იმავე დღეს ეს თანხა ხაზარაძისა და ჯაფარიძის პირად ანგარიშზე ირიცხება. ფინანსური ოპერაცია 2008 წელს იწყება და მთავრდება 2012-ში, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როცა საბოლოოდ, თანხა ოფშორული კომპანიის ანგარიშზე აღმოჩნდა, რომლის დამფუძნებელი პაატა ღაძაძეა- ის იმ პერიოდში ასევე “თიბისი” ბანკის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.