ექსპერტი ამირან სალუქვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფონიჭალაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი წერს, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სტრუქტურებს სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
“ტვ პირველი, ძალიან მიყვარხართ თქვენი თოქ-შოუებიანად, მაგრამ კარგით რა, ნარკორეალიზატორებმა, განსაკუთრებით მაგ ფონიჭალამ, წალეკა საქართველო. განა ისეა, როგორც ესენი ლაპარაკობენ, დგანან უწყინარებივით?! სპეცრაზმელები არავის მიაყენებდნენ შეურაცხყოფას, მოქმედებენ სწრაფად და ხისტად, აბა სხვაგვარად როგორ, თუ ინფორმაციები აქვთ კონკრეტულ პირებზე?! წეღან “რუსთავმა” აჩვენა ოჯახი, რომელიც საუბრობს, შეგვამოწმეს, ვერაფერი ნახეს და ბოდიში მოგვიხადესო. რად გვინდა მაგათი ბოდიშიო? ე.ი. ზოგს ბოდიში მოუხადეს, არაფერი ჩაუდეს და ზოგს კიდევ ჩაუდეს და შეურაცხყოფა მიაყენეს?
მხოლოდ შარშან ათეულობით კგ და ათასობით აბი ნარკოტიკია ამოღებული, 100-ზე მეტი რეალიზატორია დაკავებული. არ იმოქმედონ? იხოცება ახალგაზრდობა. ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს სამართალდამცავ სტრუქტურებს. არაა საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟი”, – წერს ამირან სალუქვაძე.