რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახური ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება.
უწყების ცნობით, 15 ოქტომბერს, ღამის 01:43 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ გრადინიცას მიმართულებიდან შევიდა და სოფელ პურკარისკენ გადაადგილდებოდა.
01:51 საათზე დრონმა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩიეს მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.
მოლდოვის ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახური კომპეტენტურ უწყებებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს, აღნიშნულია მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები
