ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში მრავალფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება. ასევე აშენდება ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში და 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
აღნიშნულ პროექტებს დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.
მშენებლობა გაგრძელდება ერთი წელი და დასრულდება 2017 წლის ივნისში. თანხის გადახდა განხორციელდება 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს კონტრაქტორის სახსრებით 2017 წლის მაისამდე.
სამინისტროს ცნობით, მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები.
2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.