ორი პატარა ქვეყანა, საქართველო და კვიპროსი ყველანაირად ცდილობენ, მშვიდობიანი გზით იარონ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს არის ისტორიული დღე, რადგან პირველად, 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი. ეს არის ახალი ეტაპი, ახალი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეუძლია კვიპროსს, კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ვახსენეთ ფორუმი, რომელიც გაიმართება ამ ზაფხულს ბათუმში. იმედი გამოვხატე, რომ შესაძლებელი იქნება, კვიპროსმა მაღალ დონეზე მიიღოს ამ ფორუმში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნა ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან. კვიპროსის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ.
ვისაუბრეთ, რომ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა თავისი სერიოზული პრობლემით – ჩვენთან არის ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი. ორივე ქვეყნის მზადყოფნა, რათა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ. ეს არის ერთობლივი გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორი პატარა ქვეყნისთვის. საქართველო და კვიპროსი ყველანაირად ცდილობენ, თავისი დამოუკიდებლობა გაამყარონ და მშვიდობიანი გზით მოახდინონ დღევანდელი მდგომარეობის ცვლილება“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს იმ ფაქტის გამო, რომ კვიპროსი მონაწილეობს საოკუპაციო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
„კვიპროსს სამი წარმომადგენელი ჰყავს. ეს გამოხატავს სწორედ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენობის, სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და მთლიანობის მიმართ. ვისურვებ, გავაგრძელოთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ დიდ ისტორიული კავშირები. ვისურვებ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
