ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კრისტენ მიხალის განცხადებით, ევროპა ხაფანგში აღმოჩნდა, რადგან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის საკითხის განხილვა უწევს.
მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლებია ცდილობს, გავლენა მოიპოვოს ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტზე, თუმცა ამ საკითხზე მოსკოვს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„ახლა ჩვენ ხაფანგში ვართ. რუსეთს ამ საკითხის განხილვაში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მიხალმა დუბლინში ევროპელი ლიდერების სამიტის წინ.
მიხალის შეფასებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის Starlink-ის მუშაობაში კვლავ მნიშვნელოვან შეფერხებებს აწყდებიან. მისი თქმით, ეს უკრაინულ ძალებს რუსული დრონების ჩამოგდებას ურთულებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის განმავლობაში Starshield-ის სისტემაზე სიჩქარის „სისტემური შეზღუდვები“ დააფიქსირეს. Starshield პენტაგონის მიერ დაფინანსებული Starlink-ის სამხედრო დანიშნულების სერვისია. უკრაინის ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი გამოყენება საათში 161 კილომეტრამდე სიჩქარით შეიზღუდა.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ მათი ვარაუდით, შეზღუდვები კიევზე ზეწოლის მიზნით დაწესდა, რაც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს დაემთხვა.
„ეს შემთხვევითი ხარვეზები არ არის, ეს სისტემური სიჩქარის შეზღუდვებია. ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, რუსული რეაქტიული დრონების ჩამოგდებას მნიშვნელოვნად ართულებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვები „რუსებს უფრო მეტი უკრაინელის დახოცვასა და უკრაინაზე უფრო ზუსტი დარტყმების განხორციელებაში ეხმარება“. ზელენსკის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ ვაშინგტონს უკვე მიმართა და მომხდარის ყველა გარემოების გარკვევას ცდილობს.
