ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე მურუსიძე-შავგულიძის გუშინდელ ტელედებატებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა, ამ გადასახედიდან როცა ვხედავ, რომ შალვა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად გამოდის, რომლებმაც შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს”, – თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა.
“გუშინდელი დებატების შემდეგ სულ ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რომლებსაც შეიძლება, ეიძულებინა შალვა შავგულიძე, ბოკერიას პარტიაში მისულიყო.
ცხადია, ბოკერიას აწყობს თავის ბანდაში იმ ადამიანის გამოჩენა, რომელიც გირგვლიანის საქმესთან არა მხოლოდ ასოცირდება, არამედ, ირინა ენუქიძის შემდეგ, უმთავრესი ფიგურა იყო. იმ საქმის უმთავრესი ფიგურა, რომელმაც რეჟიმი შეარყია.
რა რეზონი აქვს შავგულიძეს ასეთი შემობრუნებისთვის? რატომ იქცა, ამ შემთხვევაში, პავლე სავლედ?
არ არის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა ის პოსტი, რისი გულისთვისაც შეიძლება სული გაყიდო. არ არიან “ნაცები” იმ ფულის გადამხდელები, რა ფასადაც შეიძლება გაიყიდო.
ჰოდა, რატომ?
რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, რჩება ერთი, ყველაზე საზიზღარი საბაბი, რის გამოც შავგულიძე ასეთი ნაბიჯს გადადგამდა – „კომპანია მეგიზ-პიქჩერზი”.
ცუდად ისმის, არა? კი, ბატონო, მართლაც ცუდია. არ ჩამოვყვები იმ მაგალითებს, რითაც გუშინ მურუსიძემ, ფაქტობრივად, გააფრჩაკა დეპუტატობის კანდიდატი (მურუსიძეზე ჩემი ძალიან ცუდი აზრი იცით) და ამ მაგალითებმა, რომლებსაც შავგულიძემ პასუხები ვერ თუ არ გასცა, ისეთი შეხედულება დატოვა, რომ „მეგიზ-პიქჩერსი” უნდა იყოს ყველაფრის თავი და თავი. მით უმეტეს, რომ ქალაქში ხმები უკვე გავრცელებულა.
ვნახოთ, გავა დრო და ყველაფერს გავიგებთ. აბსოლუტურად ყველაფერს”, – წერს გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.