„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი – ნიკოლოზ მეტრეველი მიხეილ ჩინჩალაძის უვადო მოსამართლედ და მოგვიანებით, მის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება.
„2017 წლის 29 მაისს, მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 2017 წლის 11 მაისს, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. მიხეილ ჩინჩალაძის ჯერ უვადო მოსამართლედ გამწესებას, ხოლო მოგვიანებით, მის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას დღეს „მართლმსაჯულებაზე მოტირალი“ შავოსანი პოლიტიკოსები არა მხოლოდ დუმილით შეხვდნენ, არამედ სასამართლო რეფორმის რომელიღაც ტალღის მიქცევით და მოქცევით ტკბებოდნენ. მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იდგა, მაშინ მათთვის ყველაფერი მისაღები იყო. ვინ, თუ არა მათ, ზუსტად იცოდნენ, რას ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობა და რაც მთავარია, ამ სასამართლოს თავმჯდომარეობა. ამაზე მოგვიანებით.
ჩვენს სამხრეთულ ქვეყანაში სახალხო სამართალშეგნება ვერ იტანს პროცესუალურ რუტინას. ჩვენ ხანგრძლივი სასამართლო პროცესების არც ლოდინის რესურსი გვაქვს, არც ინტერესი, ჩვენ მყისიერი შურისგება გვიყვარს, ამიტომაც სისხლის სამართალწარმოებაში ე.წ წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება-არშეფარდება დამნაშავის დასჯის თუ დაუსჯელობის ინდიკატორია.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში წინასწარი პატიმრობის ანალოგიაა ყადაღა. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, თუ არ დაიჭირე ან არ დააყადაღე, ესე იგი სამართალი არ აღსრულდა. ეს, რა თქმა უნდა, ზედაპირული შეხედულებაა. ასეთივე ზედაპირულია მოსახლეობის აღქმა სასამართლო სისტემისა და მისი იერარქიულობის მიმართ.
ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ბევრი დავა სააპელაციო სასამართლოში მთავრდება და ის საერთოდ ვერ ხვდება უზენაეს სასამართლოში, მაგ. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო დავებისათვის საბოლოო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა. ასევე სააპელაციო სასამართლოში მთავრდება წინასწარი პატიმრობისა და ყადაღის საქმეების განხილვა და აღნიშნული საქმეები საკასაციო სასამართლომდე საერთოდ არ ადის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე სასამართლო სისტემაში ფლობს ყველაზე მაღალ სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს.
მიხეილ ჩინჩალაძის დაწინაურება, მისი დღევანდელი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, შეუძლებელიც კია, ის, უზენაეს სასამართლოში გადასვლით, შეიძლება, მხოლოდ დაქვეითდეს.
ჰოდა, პატივცემულნო, ქალბატონო ეკა ბესელია, ბატონო გედევან ფოფხაძე, ბატონო ზვიად კვაჭანტირაძე, ბატონო ლევან გოგიჩაიშვილო, ბატონო ვატო შაქარიშვილო, ეს კაცი 2017 წლიდან ამ თანამდებობაზე, ამ უფლებამოსილებებით, რომ არის აქამდე არ იცოდით? თუ ბიძინა ივანიშვილის ფრთას შეფარებულნი, კომფორტის ზონაში რომ იყავით, ვერ ხედავდით და კომფორტის ზონიდან გამოსულებმა ახლა შეამჩნიეთ?“ – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.