მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს გადარჩენა. ახლა დაკავებული ვარ მთელ მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების კონსოლიდაციით. 12 მაისს დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში. ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს, დავაბრუნებთ მას სწრაფი განვითარების ლიანდაგებზე. მიმაჩნია, რომ უკრაინა იქნება ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო, თუმცა მაინც, ნებისმიერ პირობებში, საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა, უკრაინის ზესახელმწიფოებრიობის პირობებშიც კი, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი სწორ გზაზე დაყენება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგის დემოკრატიული შეფერილობით, უკრაინა კი იქნება ახალი ზესახელმწიფო. უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ამით დაკავდება, უკრაინა ჩემს სახლად მიმაჩნია, თუმცა, ბუნებრივია ახლა ჩემთვის საქართველოს გადარჩენის საკითხი პირველ ადგილზეა. თუმცა ეს არ აუქმებს კიევში ჩასვლის ჩემს გეგმებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად გავემგზავრები საქართველოში, თბილისში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.