ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა, განვაგრძოთ ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ და ღირსება მოიცავს, მათ შორის, კონკრეტულ ღირებულებებს, კონკრეტულ პრინციპებს, ეს არის – სუვერენიტეტი, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია უპირისპირდება ამ პრინციპებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
კობახიძის თქმით, საჭიროა და ქართული მხარე მზად არის დიალოგის დასაწყებად ყველა საკითხთან დაკავშირებით.
„საზოგადოება მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და ამასთან ერთად ქართული საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ წლების განმავლობაში. მათ შორის, როდესაც საუბარია 2024 წელს მიღებულ და გამოცხადებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როდესაც შედგა არჩევნები, საყოველთაო არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე ის მხარს უჭერს ჩვენს კურსს, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება, მათ შორის, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გზავნილი იყო ღირსებით ევროპისკენ და აქ ღირსებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა, განვაგრძოთ ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ და ღირსება მოიცავს, მათ შორის, კონკრეტულ ღირებულებებს, კონკრეტულ პრინციპებს, ეს არის – სუვერენიტეტი, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია უპირისპირდება ამ პრინციპებს, სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას. როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება, მაგალითად, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. როდესაც ითხოვენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ადამიანების გათავისუფლებას, ეს არის თავდასხმა სამართლის უზენაესობაზე და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ასეთი თავდასხმების ჩამონათვალი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს – ჩვენ გვჭირდება დიალოგის, საუბრის დაწყება ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ არსებობს დახურული საკითხი. მზად ვართ ყველა საკითხზე ღია საუბრისთვის, ოღონდ, ეს საუბარი აუცილებლად უნდა წარიმართოს საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს იმ დიალოგის შინაარსი, რომელიც წარიმართება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპულ ბიუროკრატიას შორის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
