შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს და ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობის წინ დადგმულ მის ბიუსტზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას – პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.
„ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ხშრად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.
შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება, 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი, ორი ტრაგიკული ემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. ასეთი შემთხვევები შემცირებულია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 12 მაისიდან 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების ორი ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. ამის შემდგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცავდით და დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას აქ, რუსთაველზე“,- განაცხადა გახარიამ.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე აქტივისტმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგა. ბიუსტზე არის წითელი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგ ირთვება ხმოვანი ფრაზა – „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით”.
აღნიშნული პერფორმანსი 2018 წელს ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.