სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
