„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაწყებულია და ყველა კანონდამრღვევი პირი უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია ის.
„საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ცივილურად, როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შემთხვევაზე მალევე რეაგირება მოახდინა და 87-ე უბნის საკითხზეც ასეთი იქნება რეაგირება. ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
შემთხვევა, რომელიც 87-ე უბანზე მოხდა, გამოძიებული იქნება და იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ბანაკიდან იქნება კანონდამრღვევი, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენ ვიცით, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა, ზამთარში არ ელოდე სიცივეს. პროვოკაციები რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ჩვენი სამართალდამცველები მობილიზებული არიან. ჩვენმა ზუგდიდელებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა არის ძალადობა, დესტაბილიზაცია, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, ამას ყველაფერს გაუწიონ შესაბამისი ანგარიში და ხვალ ყველანი არჩევნებზე უნდა გამოვიდნენ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.