თბილისის მერმა კახა კალაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „სპორტიდან მოვდივარ და როგორც სპორტშია, თუ არ არსებობს გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები“, – განაცხადა კალაძემ კვლევის შეფასებისას, სადაც პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში თავად ლიდერობს.
„როგორც სპორტში, იგივეა პოლიტიკაში, თუ არ არსებობს ძლიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა განახორციელოს და უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კარგია და ტაში დავუკრა, ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ