საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს, როგორც იმ კეთილსინდისიერი მოქალაქეების სურვილს დაათვალიერონ ევროპა, ასევე ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ემიგრაციას, დიასპორულ ორგანიზაციებს გაქვთ იმის საშუალება, გაავრცელოთ ის ინფორმაცია, რომ ვინც არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, ის ვნებს იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ხვალ ექნებათ სურვილი, რომ გაეცნონ ევროპას, მოინახულონ კულტურული ღირსშესანიშნაობები, სამომავლოდ იმათ ხელს უშლიან.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – შეიძლება, ისინი უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ. რასაც ჩვენი საზოგადოება, თქვენ და ყველანი ერთად ყოველდღიურად ვაშენებთ, იმას ექმნება საფრთხე რამდენიმე ადამიანის გამო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას.
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გითხრათ – მე მწამს, რომ ჩვენი ერთობლივი მომავალი არის ძალიან ძლიერი, ძლიერი საქართველო, ძლიერი ქართველები, სადაც არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ
2019/05/27 11:58:30
ნანახია: 518 ჯერ