საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ყველა აქტუალურ საკითხს, მათ შორის სარჩელების შესაძლო შეცვლასაც, პლენუმი შეისწავლის.
ტურავას თქმით, ყველა მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინდივიდუალურად შეისწავლოს, რის შემდეგაც პლენუმის სხდომა გაიმართება, მოსამართლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას და მომზადდება დასკვნა, რომელიც პლენუმმა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.
“პლენუმის წევრებს დაურიგდებათ ყველა ის მასალა რომელიც, პლენუმის წინაშე დასმულ საკითხებს შეეხება, მათ შორის სარჩელების გამოცვლასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნა ალბათ დაიდება რამდენიმე დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ პლენუმს არ მიუღია,“ – განაცხადა ტურავამ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება „რუსთავი 2“-ისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ, სავარაუდოდ, დასკვნაში აისახება.