რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდა.
ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. მე დღეს აქ ნიკუშასთან ერთად მოვედი. ჩვენ აქციაზე მოსვლა გვინდოდა. დღეს ქუთაისში ვიყავი მეუფე კალისტრატეს დაკრძალვაზე. დაჭრილები გუშინ მოვინახულე. გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა გამოიყენეს რეზინები და სხვა საშუალებები“.
24 ივნისს რესპუბლიკის მოედნიდან შსს-მდე ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება. აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.