გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში ქართულ-ამერიკული სწავლების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო გენერალური შტაბის ხელმძღვანელო, კაპრალებო, სეჟანტებო, ოფიცრებო, გენერლებო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე „ღირსეული პრტნიორობის“ სწავლების დაწყება.
დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ჯარისკაცები, რომლებმაც თავისი ღირსებით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით ასახელეს თავისი სამშობლო, სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციის დროს, ესენი არიან ქართველი, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები სწორედაც რომ ღირსეული პარტნიორობის, ღირსეული თანამებრძოლების სახით დგანან ქართულ მიწაზე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი სწავლება არის გაგრძელება იმ სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც დსახულია ნატო-ს ალიანსის მიმართ.
“ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატო-ში და მეტი ნატო – საქართველოში. ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, უკვე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, რადგან ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მტკიცე, მამაცი და თამამი ნაბიჯები გადადგა. გახდება იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, გახდება იმიტომ, რომ ასე არის საჭირო, უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი ფარავდეს მთელს საქართველოს“. – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.