გუშინ ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, თუმცა ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
კალაძის თქმით, მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც იცავდნენ წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, ეს მოცემულობა შეინარჩუნონ.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვისთავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ ჰგუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას. ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას.
გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.
ჩვენი, მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.
მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ. ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს“,- განაცხადა კალაძემ.